შინაარსზე გადასვლა

თეთრი ვარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი ვარდის მონუმენტი მიუნხენის უნივერსიტეტის წინ.

თეთრი ვარდი (გერმ. Weiße Rose) — ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი საიდუმლო ორგანიზაცია გერმანიაში, დაარსდა 1942 წლის ივნისში. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა გერმანელი ხალხის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის გამოფხიზლებას ნაცისტური პროპაგანდის გავლენისაგან.

ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაცისტურ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა ორგანიზებული წინააღმდეგობის ცენტრი, რომელიც "თეთრი ვარდის" სახელწოდებითაა ცნობილი. მისი სულის ჩამდგმელები მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები — ჰანს შოლი და ალექსანდერ შმორელი იყვნენ. "თეთრი ვარდის" საქმიანობა ემსახურებოდა გერმანელი ხალხის გამოფხიზლებას ნაცისური პროპაგანდის გავლენისაგან. 1942 წლის ივნისში შოლმა და შმორელმა დაბეჭდეს ოთხი მოწოდების ფურცელი გერმანელი საზოგადოებისადმი, სადაც ისინი ქრისტიანული მორალისა და ჰუმანისტური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, გმობდნენ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის საქმიანობას. მოგვიანებით შოლს და შმორელს შეუერთდნენ შოლის 21 წლის და სოფი და მეგობრები — კრისტოფ პრობსტი და ვილი გრაფი. 1942 წლის დეკემბერში ორგანიზაციას შეუერთდა სტუდენტების მენტორი, ფილოსოფიის პროფესორი კურტ ჰუბერი. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში სტუდენტებმა მოწოდების 15 000-მდე ეგზემპლარი დაბეჭდეს. ფურცლები ვრცელდებოდა არა მხოლოდ მიუნხენში, არამედ ვენაში, შტუტგარტსა და ლინცში. "თეთრი ვარდის" მოწოდებათა გავრცელება გესტაპოსთვისაც მალევე გახდა ცნობილი და 1943 წლის თებერვალში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ფურცლების წარმომავლობის საკითხი უნდა დაედგინა. 1943 წლის 18 თებერვალს, მიუნხენის უნივერსიტეტში ფურცლების დაყრისას უნივერსიტეტის ზედამხედველმა შენიშნა ჰანს და სოფი შოლები, რომლებიც პოლიციამ მაშინვე დააპატიმრა. გამოძიებამ დაადგინა "თეთრი ვარდის" სხვა წევრთა ვინაობაც. ჰანს შოლს აღმოუჩინეს კრისტოფ პრობსტის ხელწერილი წარწერით "ჰიტლერი და მისი რეჟიმი უნდა დაეცეს, ამით გერმანია გადარჩება". თებერვალს პრობსტი ინსბრუკში დააკავეს. 22 თებერვალს სახალხო სასამართლომ როლანდ ფრაისლერის თავმჯდომარობით,სიკვდილი მიუსაჯა სამივე დაკავებულს. იმავე დღს სამივე მათგანს თავები მოჰკვეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს ორგანიზაციის დანარჩენი წევრებიც, რომელთა სასამართლო 1943 წლის 19 აპრილს გაიმართა. პროფესორი კურტ ჰუბერი, ვილი გრაფი და ალექსანდერ შმორელი სიკვდილით დასაჯეს. "თეთრი ვარდი" სახეცვლილი ფორმით არსებობას განაგრძობდა ჰამბურგში . 1942 წელს შოლისა და შმორელის მეგობარმა გოგონამ ტრაუტე ლაფრენცმა მიუნხენიდან მესამე მოწოდება წაიღო ჰამბურგში და სკოლის მეგობარ ჰაინც კუხარსკისთან ერთად გაავრცელა. გესტაპომ კუხარსკი 1945 წლის 17 აპრილს დაიჭირა. სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა, აღსრულებამდე, ტრანსპორტირებისას, ინგლისელებმა გერმანელებზე შეტევა მოაწყვეს და კუხარსკიმ გაქცევა მოახერხა. მან 2000 წლამდე იცოცხლა. ტრაუტე ლაფრენცი დღესაც ცოცხალია.

  • გიორგი ასტამაძე, ორგანიზაცია "თეთრი ვარდი", ჟურნალი ისტორიანი, სექტემბერი, №9, 2013
  • DeVita, James "The Rose of Treason", Anchorage Press Plays. Young adult play of the story of The White Rose. ISBN 978-0-87602-409-6
  • Dumbach, Annette & Newborn, Jud. "Sophie Scholl & The White Rose". First published as "Shattering the German Night", 1986; this expanded, updated edition Oneworld Publications, 2006. ISBN 978-1-85168-536-3
  • Hanser, Richard. A Noble Treason: The Revolt of the Munich Students Against Hitler. New York: G.P. Putnam's Sons, 1979. Print. ISBN 978-0-399-12041-1
  • McDonough Frank, Sophie Scholl: The Real Story of the Woman Who Defied Hitler, History Press, 2009. ISBN 978-0-7524-5511-2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: